მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება
დღეს საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის“ დამატებითი დაფინანსების მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.
პროექტი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციის, აგრეთვე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას. დამატებითი დაფინანსების ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, კერძოდ, მოხდება ვანის მუზეუმის რეაბილიტაცია, ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქალაქ წყალტუბოში კი გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია.
სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა. დღესვე, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს, საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი.
პროექტების განხორციელების შედეგად აღნიშნული ადგილები უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, ასევე, გაიზრდება კერძო ინვესტიციებს მოზიდვის შესაძლებლობაც. პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან იმერეთის მცხოვრებნი და ტურისტები, რომლებიც ისარგებლებენ განახლებული ინფრასტრუქტურით.