დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. აღნიშნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი“ განახორციელებს, რომელმაც უკვე აიღო ვალდებულება, რომ არაკვალიფიციურ მუშა-ხელად საქართველოს მოქალაქეები დაასაქმოს.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება თბილისში მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის სამუშაოები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს მომდევნო ტრანშის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული მიმართულებები.