არხოტსა და შქმერში ახალი გზები გაივლის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელს ორი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.
არხოტში მუნიციპალური განვითარების ფონდი 25-კილომეტრიანი გზას გაჭრის. გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. სამუშაოები 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა.
რაც შეეხება საჩხერე-შქმერი-ონის გზის მშენებლობას, ამ მონაკვეთზე პირველმა ტრაქტორმა 2013 წლის ოქტომბერში უკვე გაიარა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თბილისიდან ონამდე გზა ორსაათნახევარში დაიფარება. რაც მთავარია, სიცოცხლე დაუბრუნდება ზემო რაჭის პრაქტიკულად დაცლილ ხეობას. ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა არაერთ ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პერსპექტივას გააჩენს. მიმდინარე წელს მოხდება გზის პროექტის შემუშავება, რომლის შემდეგაც მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. საჩხერე-შქმერი-ონის გზის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.