უწყებათაშორისმა კომისიამ მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანებისთვის პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს თავშესაფარში მცხოვრები პირების ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების გაწევის, აგრეთვე, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხები .
დღეისთვის, მიუსაფართა თავშესაფარში 210 ადამიანი ათევს ღამეს. მათთვის მზადდება ცხელი საკვები, მუშაობს სამედიცინო მომსახურების 24-საათიანი სამსახური, საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის ჩათვლით. თავშესაფარი მუდმივად სუფთავდება, ხდება კარვებისა და დამხმარე სათავსოების დეზინფექცირება.
კომისიის წევრებმა, ასევე, იმსჯელეს გამოზამთრების შემდეგ მიუსაფართა თავშესაფრის ახალ ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ამ კუთხით რეკომენდაცია გაეწია კახეთის გზატკეცილზე, ორხევის დასახლებაში არსებულ ტერიტორიასა და ფონიჭალაში არსებულ ტერიტორიას. აღნიშნული ადგილები არის მარტივად მისადგომი და არ საჭიროებს მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, ხოლო ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის წყაროზე დაერთება ადგილზევეა ხელმისაწვდომი, რაც მიუსაფართათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. გადაწყდა, რომ კომისიის წევრები ადგილზე მოინახულებენ ორივე ტერიტორიას და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.