საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

30 დეკემბერი 2013

2013 წელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოწვევების წელი იყო. მიუხედავად არაერთი პრობლემისა და სირთულისა,რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვახვედრა, ვფიქრობთ, სამინისტრომ ამ სირთულეებს წარმატებით გაართვა თავი. არაერთი პროექტის გადახედვა მოგვიწია, ხოლო ათზე მეტი საქმე სამართალდამცავ ორგანოებში გადავაგზავნეთ. უწყებაში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ სრულად შეიცვალა მიდგომები პროექტების დაგეგმვისა და მათი განხორციელების კუთხით; გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდა ტენდერები; მნიშვნელოვნად გაიზარდა ტენდერებში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიათა რიცხვი; შემუშავდა ხარისხის სტანდარტები და გაიზადა მისი კონტროლის მექანიზმები; შეიქმნა პრიორიტეტების დადგენისა და პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია; შეიქმნა ელექტრონული გეო-ინფორმაციული სისტემა; სამინისტროს საქმიანობა გახდა ღია და გამჭვირვალე, ინფორმაცია კი – ხელმისაწვდომი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა წინა მთავრობის დროს უკანასკნელ წლებში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკაზე და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსი არ გამოუყენებია. მიუხედავად მრავალრიცხოვანი მასშტაბური პროექტებისა, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებდით, არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როდესაც მმართველმა გუნდმა ის საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ გამოიყენა.

წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 901 მილიონ ლარს შეადგენდა,საიდანაც 501 მილიონი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის იყო გამოყოფილი,182 მილიონამდე – რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის,82 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისა და მათთვის ღირსეული საცხოვრისების შექმნისთვის, 130 მილიონი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის,ხოლო რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და მართვისთვის- 4 მილიონზე მეტი.

როგორ დავასრულეთ 2013 წელი? წლის ბოლოს სამინისტროს საკასო შესრულება 745მილიონი ლარია (საბოლოო მონაცემი იანვრისთვის დაზუსტდება). წინა წელს სამინისტროს შესრულება 655 მილიონი ლარი იყო. როგორც ხედავთ, ამ ორი წლის მაჩვენებლებს შორის სხვაობა 90 მილიონი ლარია, და ეს მაშინ, როცა მთელი წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები გვიკიჟინებდნენ, რომ თითქოს ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტები შევაჩერეთ.

რა გავაკეთეთ კონკრეტულად?

2013 წელს სამინისტრომ შეიმუშავა თვითმმართველობის კოდექსი,რომელიც სრულიად ცვლის 20 წლის განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ სისტემას. რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა,ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები.მერებს და გამგებლებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიეცემა ფული და უფლებამოსილება, რათა საკუთარი პრობლემების გადაჭრა თვითონვე შეძლონ.გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი; გუბერნატორთან ჩამოყალიბდება ადგილობრივი მერების, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად იზრუნებს თავისი რეგიონის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის პროექტს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვნებათაღელვა მოჰყვა, ცალსახად და მკაფიოდ მინდა განვაცადო, რომ თვითმმართველობის კოდექსის არც ერთი მუხლი არ შეიცავდა და არ შეიცავს ქვეყნის ერთიანობისთვის საფრთხეებს.როგორც იცით, თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

2013 წელს აქტიურად მიმდინარეობდა ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობა.საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამშენებლო სამუშაოებს ერთდროულად ავტომაგისტრალის ხუთ მონაკვეთზე ახორციელებდა.

დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა ქობულეთის შემოვლითი გზის 12,4-კილომეტრიანი მონაკვეთი. მოეწყო 13წყალგამტარი მილი, აშენდა 14 სახიდე გადასასვლელი და 3 მიწისქვეშა გასასვლელი; მოეწყო სადრენაჟე სისტემები.

დაიწყო ქობულეთისშემოვლითი გზის მომდევნო 19-კილომეტრიანი მონაკვეთის შენებლობა, რომელიც 2016წელს დასრულდება.

აქტიურად მიმდინარეობსზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი, ქუთაისის შემოვლითი გზის 17 კილომეტრიანი და ქუთაისი-სამტრედიის გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთების მშენებლობა. მათი დასრულება 2014-2015 წლებში ეტაპობრივად მოხდება.

სამუშაოები მიმდინარეობს,ასევე, რუისი-აგარის 19 კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც რამდენიმე დღის წინ 3 კოლომეტრი უკვე გავხსენით.

სატენდერო პროცედურები დასრულდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე – ესაა თბილისი-რუსთავის მონაკვეთი, აგრეთვე, აგარა-ზემო ოსიაურისა და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთებზე, სადაც გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს 2014 წლიდან დაიწყებენ.

მიმდინარეობს ჩუმათელეთი-ზესტაფონის, ანუ რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის შემუშავება.

მთლიანობაში, 2013 წელს სამშენებლო სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 111 კილომეტრზე მიმდინარეობდა. გზის საფარი მოეწყო28,4 კილომეტრზე, ხოლო მოძრაობა გაიხსნა 15,4 კილომეტრზე.

თუ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამშენებლო აქტივობას წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ წელს 34 კილომეტრით მეტ მონაკვეთზე გვქონდა აქტივობა, ვიდრე შარშან. წელს 15,4 კილომეტრი გზა გავხსენით, ეს მაშინ, როცა შარშან ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მხოლოდ კილომეტრნახევარი გზა გაიხსნა.

სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას.

გაიხსნასაერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის კობი-გუდაურის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი, შეკეთდა იქ არსებული გვირაბები და გალერეა, გარკვეულ მონაკვეთებში გაფართოვდა გზა. აღსანიშნავია,რომ ამ გზას 1991 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქართველო-რუსეთის საზღვართან არსებული ნეიტრალური ტერიტორიის კილომეტრნახევრიან მონაკვეთს. შეკეთდა იქ არსებული ხიდი და გვირაბი;

აქტიურად მიმდინარეობდა წყალტუბო-ლენტეხის, დედოფილსყარო-ქვემო ქედის, ალპანა-უწერის, ალპანა-ორბელის, შუქრუთი-უსახელო-კორბოულის,წყალტუბო-ხონის, იგოეთი-ლამისყანის, ინგირი-შამგონის, მუხური-თაიას, საჯიჯაო-ლესიჭინეს,ჯვარი-ჩქვალერი-საჩინოს, მონგირი-ახუთის, თბილისი-თიანეთის, თიანეთი-ჟინვალის, ზარზმა-ადიგენისა და სხვა გზების რეაბილიტაცია.

მთლიანობაში, 2013 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 260 კილომეტრ გზას, ანუ 60 კილომეტრით მეტს, ვიდრე შარშან,45 ხიდს (შარშან მათი რაოდენობა 28 იყო) და 5 გვირაბს, მაშინ, როცა შანშან მხოლოდ2 გვირაბი რეაბილიტირდა.

სამინისტრო, ასევე, დიდ ყურადღებას უთმობდა სასოფლო გზებისა და სხვა შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციას.მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წელს 21 ასეთი გზა შეკეთდა, რომელზეც 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მიმდინარეობს, ასევე, 31 მილიონი ლარის სამუშაოები.

2013 წელს სამინისტრომ ერთ-ერთ პრიორიტეტად მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა გამოაცხადა. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი ევროს ოდენობით სესხის ფარგლებში 17 ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაიწყო ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის წყალმომარაგების 60-მილიონიანი პროექტი;პროექტის შედეგად, ფოთსა და ანაკლიას მთლიანად, ასევე, ქუთაისის 75%-ს 24-საათიანი, ხოლო 25%-ს გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება;

დონორი ორგანიზაციებიდან32 ქალაქის რეაბილიტაციისთვის მოზიდულ იქნა 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია;

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც 25 მუნიციპალიტეტსა და 3 დაბაში წყალმომარაგების სამუშაოებს ითვალისწინებს. ამისათვის საქართველო 40 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახსრებით 16 ქალაქში დაიწყო და დამატებით 11 ქალაქში დაიწყება6 400 000 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2013 წელს შეძენილ იქნა წყლის ხარისხის თანამედროვე მობილური ლაბორატორიები და ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი,ფოთი, გორი, ახალციხე, ბოლნისი და თელავი მოძრავი ლაბორატორიებით აღიჭურვა. ქუთაისის სერვის ცენტრსა და მცხეთის ტრენინგ ცენტრში დამონტაჟდა მრიცხველის შესამოწმებელი ლაბორატორიები.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ 2013 წელს დამატებით 36 ათასი აბონენტი გაამრიცხველიანა.თუ შარშან აბონენტებისგან მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი მხოლოდ 213 ათასი ლარი იყო, წელს ეს ციფრი მილიონ ოთხასი ათას ლარამდე გაიზარდა.

2013 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად ახორციელებდნენ ნაპირდამცავ სამუშაოებს. განსაკუთრებით გამოსაყოფია სამი პროექტი: მდინარე ცხენისყლის ნაპირდაცვა სოფელ ლასურიაში, რომელმაც ათამდე სოფელს ცენტრალურ გზასთან დაკავშირების პრობლემა მოუხსნა; დაიწყო ანაკლიის სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი სამუშაოები. აქ ნაპირგამაგრება ტეტრაპოდებით მიმდინარეობს; სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ ანალოგიური სამუშაოები ბათუმის სანაპირო ზოლზეც დაიწყება.

2013 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაკუთრებით ზრუნავდა დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის. ქუთაისში, თერჯოლაში, ვანში, წყალტუბოში, ზესტაფონში,ფოთში, ზუგდიდში, ქარელსა და მარნეულში რეაბილიტაცია ჩაუტარდა დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებს, რაზეც 12 მილიონამდე დაიხარჯა. ბინები 335 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. წელსვე დაიწყო 15 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ზუგდიდსა და ფოთში.

სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა კონფლიქტისპირა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 2013 წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში რამდენიმე მასშტაბური პროექტი განხორციელდა.მოხდა სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია. სალთვისის სარწყავი არხით16 სოფელს, ხოლო ტირიფონის სარწყავი არხით 23 სოფელს საირიგაციო წყლით მომარაგების პრობლემა მოეხსნა. ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პატარა ლიახვის ხეობაში,ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების – ზარდიანთკარის, დიდი ხურვალეთის, გუგუთაანთკარისა და კოშკას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ჭაბურღილების ბურღვა განხორციელდა. პროექტის განხორციელების შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდა და მოსახლეობა წყალს ყოველდღიურად იღებს; კონფლიქტის ზონის სოფლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საღოლაშენი-დვანის,გორიჯვრის, ლამისყანა-ახმაჯი-თვაურების, კარალეთი-ქვეშის საავტომობილო გზებს;

2013 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის თაობაზე. მშენებლობისთვის 2 მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

საუკუნის პროექტები – ასე შეფასდა სამინისტროს მიერ წამოწყებული სამი პროექტი,რომელიც ქვეყნის სამ სხვადასხვა რეგიონში დაიწყო.

2013 წელს მდინარე ალაზანზე, კაკლისყურეში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელმაც საქართველოს 200 ჰექტრამდე მიწა შეუნარჩუნა. უკვე მრავალი წელია, აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარის ადიდების დროს საქართველო ტერიტორიებს კარგავს. ალაზნის სანაპირო ზოლის გაუმაგრებლობის შემთხვევაში,საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ტერიტორიის 200 ჰექტარზე მეტ მიწას, რომელიც, წყლის მოვარდნის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიას მოწყდებოდა. კაკლისყურეში დასრულებული სამუშაოების შემდეგ დღის წესრიგში მდინარე ალაზნის სხვა ტერიტორიის ნაპირგამაგრებაა,რომელიც 2014 წლისთვის არის დაგეგმილი.

2013 წელსვე გადაწყდა ხევსურეთსა და რაჭაში სრულიად ახალი გზის გაჭრა. ამ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსების წყაროები, პრაქტიკულად,მოძიებულია.

არხოტი-როშკის გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. გზის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა.

ახალი გზის მშენებლობა დაიგეგმა რაჭაშიც. საჩხერე-შქმერი-ონის გზის მონაკვეთზე პირველმა ტრაქტორმა ოქტომბერში უკვე გაიარა. ინტენსიური სამუშაოების დაწყება კი 2014 წლისთვისაა დაგეგმილი. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თბილისიდან ონამდე გზა ორსაათნახევარში დაიფარება. რაც მთავარია, სიცოცხლე დაუბრუნდება ზემო რაჭის პრაქტიკულად დაცლილ ხეობას. ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა არაერთ ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პერსპექტივას გააჩენს.

2013წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ნაგავსაყრელების მოწესრიგების კუთხითაც.მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით49 ნაგავსაყრელი აიღო მართვაში. 9 ქალაქში გაიხსნა კომპანიის ოფისები. მთლიანობაში, შესაბამისი მძიმე ტექნიკის გამოყენებით, წლის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში 49 პოლიგონის მოწესრიგება ხორციელდებოდა. კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა რვა პრიორიტეტული ნაგავსაყრელი თელავში,გორში, მცხეთაში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში.

შემუშავდა იმერეთის რეგიონის ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც 2014 წელს დაიწყება იმერეთის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა, ხოლო ქუთაისის არსებული – ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელი მომავალში დაიხურება და რეკრეაციულ ზონად გადაკეთდება. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2016 წლისთვისაა დაგეგმილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად ზრუნავს საკურორტო ზონების განვითარებაზე. მესტიაშიგრძელდება თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარების პროექტის განხორციელება.2013 წელს 3,2 ჰექტარზე მოეწყო სასაწყობე მეურნეობა, სადაც საფრანგეთიდან მიღებული170-მდე კონტეინერია დასაწყობებული, ხოლო 2014 წლიდან დაიწყება ახალი საბაგირო გზების დამონტაჟება.

2013 წელს დასრულდა ყვარლის რეაბილიტაცია, მოეწყო ილიას ტბასთან მისასვლელი გზა, ინტენსიურად გრძელდება წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი.

როგორც იცით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს წვევამდელთა გაწვევას. მიმდინარე წელს მთლიანობაში 10 ათასამდე წვევამდელის გაწვევა მოხდა. საგაზაფხულო გაწვევის დროს 2 300 წვევამდელი გავიწვიეთ, ხოლო საშემოდგომო გაწვევისას, რომელიც ახლახან დასრულდა, 7 300 წვევამდელი.

2013 წელი რეგიონებისთვის უპრეცედენტო მხარდაჭერის წლად იქცა. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დამტკიცებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნული პროგრამების საერთო ღირებულებამ2013 წელს 270 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც, წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული თანხების ფარგლებში, მოხდა მუნიციპალური გზების, წყალმომარაგების,ნაპირდაცვისა და სხვა პრობლემების მოწესრიგება. ორივე პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 8 ათასამდე საშუალო და მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მთლიანობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონების მიხედვით პროექტები ასე გადანაწილდა:
 

  • აჭარა- 630 პროექტი; ჯამური ღირებულება – 4 890 032 ლარი;
  • გურია – 635პროექტი; ჯამური ღირებულება – 18 140 886 ლარი;
  • იმერეთი- 1608 პროექტი, ჯამური ღირებულება – 61 693 407 ლარი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1249 პროექტი; ჯამური ღირებულება – 45 209 979 ლარი;
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 374 პროექტი; ჯამური ღირებულება – 10 112 137 ლარი;
  • შიდა ქართლი- 533 პროექტი, ჯამური ღირებულებაა – 24 335 010 ლარი.
  • მცხეთა-მთიანეთი- 603 პროექტი, ჯამური ღირებულება – 14 141 332 ლარი;
  • სამცხე-ჯავახეთი- 481 პროექტი, ჯამური ღირებულება – 23 047 232 ლარი;
  • ქვემო ქართლი- 512 პროექტი, ჯამური ღირებულება – 35 770 843 ლარი;
  • კახეთი- 672 პროექტი, ჯამური ღირებულება – 35 724 750 ლარი.


სამინისტრო ხელმძღვანელობდა რამდენიმე სამთავრობო კომისიას. მათ შორის, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას,რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევასა და ადმინისტრირებას ახორციელებდა;აღწერის კომისიას. როგორც იცით, საყოველთაო აღწერა საქართველოში 2014 წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს. მოსამზადებელი სამუშაოები 2013 წელს დაიწყო. უკვე ჩატარდა აღწერის პირველი ეტაპიც.

სამინისტრო ხელმძღვანელობდა, ასევე,პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების შემსწავლელ სამთავრობო კომისიას, რომელმაც წლის განმავლობაში არაერთ პრობლემურ საკითხზე იმუშავა.

აქტიურად იმუშავა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამაც. კომისიამ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებას შეუმსუბუქებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია. ზამთრის დადგომისთანავე მოსკოვის პროსპექტზე გაიხსნა მიუსაფართა თავშესაფარი, სადაც ამჟამად 200-ზე მეტი დამიანი ცხოვრობს, აქვს სითბო, საკვები, ტანსაცმელი,მედიკამენტები და ყველა პირობა, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალურად გამოიზამთროს. მნიშვნელოვანია,რომ სახელმწიფო ფიქრობს და განიხილავს პრობლემის მოგვარების გრძელვადიან გეგმებზეც.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ოპერატიულად ახდენდა რეაგირებას ქვეყნის მასშტაბით მომხდარ სტიქიებსა და მისით გამოწვეულ პრობლემებზე. 2011 წელს საქართველოში48 სტიქიური მოვლენა მოხდა, 2012 წელს – 52, ხოლო 2013 წელს – 82. სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად წელს საქართველოს მთავრობამ 50 მილიონი ლარი დახარჯა. დაგეგმილია,ასევე, პრევენციული ღონისძიებები, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზიანს შეამცირებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2013 წელს სხვადასხვა სოციალურ აქციაში აქტიურად იყო ჩართული. მთელი წლის განმავლობაში სამინისტრო და მისი ქვემდებარე სტრუქტურული ერთეულები, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად, ჩართული იყვნენ უანგარო დონაციის პროგრამაში – „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“.

2013 წელს სამინისტრომ რამდენიმე გარემოსდაცვით ღონისძიებაში მონაწილეობდა. მათ შორის იყო გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გამართული დასუფთავებისა და გამწვანების აქციები მცხეთაში, რუსთავსა და სხვა ქალაქებში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წლის დასაწყისში თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად უწყების გამჭვირვალობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება დაისახა მიზნად. სამინისტრომ უარი თქვა ძველ, მანკიერ პრაქტიკაზე და ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე უწყებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე სამინისტროდ ჩამოყალიბდა. 2013 წლის სექტემბერში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სამინისტრო ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დაასახელა და ჯილდო „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ გადასცა. წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით უწყებაში შემოსული 85 განცხადებიდან რეაგირება ყველა მათგანზე მოხდა. შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი, რომელზეც საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება, ხოლო მოქალაქეს ინფორმაციის გამოთხოვა ელექტრონული ფორმით შეუძლია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2013 წლის მსგავსად, მომდევნო წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. ყველა პროექტი მოქალაქეზე და მისი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.