გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის 3000-ზე მეტი მოსახლე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
February 15, 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ზედა და ქვედა ნიქოზის, ასევე, ზემო ხვითის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ღირებულება 3,386,397.86 ლარია. დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შესრულებული სამუშაო შეამოწმა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
პროექტის განხორციელების შედეგად, სამი სოფლის 880 ოჯახს, უფრო კონკრეტულად კი, 3000-ზე მეტ მოსახლეს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს. აღსანიშნავია, რომ სოფლები, ზედა და ქვედა ნიქოზი, ასევე, ზემო ხვითი ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება და წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოუგვარდება, რაც, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სამშენებლო სამუშაოებზე 140 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.
პროექტის განხორციელების შედეგად, მოგვარდა სასმელი წყლის ხარისხის პრობლემა და სოფლებში არსებული გრაფიკი შეიცვალა 24-საათიანი წყალმომარაგებით. პროექტის ფარგლებში, მოხდა 5 ჭაბურღილის, ერთი 1000 კუბიანი რეზერვუარის, საქლორატოროს და სატუმბი სადგურის მონტაჟი. ასევე, რეაბილიტირებულ იქნა 39 კმ წყალმომარაგების ქსელი პოლიეთილენის და ფოლადის მილებით. მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიზნით, დამონტაჟდა 880 ცალი წყლის აღრიცხვის კვანძი.