მგფ-მა ყაზბეგის მუნიციპალიტეტს თოვლის საჭრელი სპეცტექნიკა გადასცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტს თოვლისა და ყინულის მჭრელი სპეცტექნიკა გადასცა. სპეცტექნიკა მრავალფუნქციურია და მისი მეშვეობით წელიწადის სხვა დროს ქუჩების დასუფთავებაცაა შესაძლებელი. ტექნიკის ღირებულება 295,000.00 ლარია და მისი შეძენა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა. სპეცტექნიკა მუნიციპალიტეტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა და მისი მუშაობა შეამოწმა.
სპეციალური ტექნიკით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქუჩების გაწმენდა უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ სპეცტექნიკას ზამთარში ყინულისა და თოვლისგან შეუძლია ქუჩების გაწმენდა, წელიწადის სხვა სეზონზე მისი მეშვეობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეკრება და გატანაა შესაძლებელი.