ახალი სამუშაო ადგილები და გაზრდილი ინვესტიცია მგფ-ის მხარდაჭერის სანაცვლოდ
23 ოქტომბერი 2015
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შპს ,,შუხმან ვაინზ ჯორჯიას", სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (ppi-ის) ფარგლებში ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაეხმარა. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები,რის შედეგადაც, კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა ბიზნესი. დღეს გაფართოებული სასტუმრო და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობის წევრებმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის რეგიონის სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ ეივეიდა ესწრებოდნენ. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დახმარებით კომპანიას ჯამში 846, 199.89 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა მოუწესრიგა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ, კერძო კომპანიასთან ერთად, სარგებელი მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობასაც, ვინაიდან, რეაბილიტირებული გზით,გამართული წყალმომარაგებითა და სანიაღვრე არხით სოფელ კისისხევის მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს.
კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიამ გააფართოვა ბიზნესი,გაიზარდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების რაოდენობა. მოწესრიგებულმა ინფრასტრუქტურამ გააძლიერა სოფლის მეურნეობა. თავისმხრივ, გაწეული დახმარების სანაცვლოდ, შპს ,,შუხმან ვაინზ ჯორჯიამ" 2 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 50 სამუშაო ადგილი შექმნა. ბიზნეს-საწარმომ, თანამშრომლობის ფარგლებში, აიღო ვალდებულება, რომ ააშენებდა ღვინის მარანს და სასტუმროში არსებულ 8 ოთახს 23-მდე გაზრდიდა. შპს ,,შუხმან ვაინზ ჯორჯიასთვის" გაწეული დახმარების შედეგად, კიდევ ერთ მცირემეწარმეს მიეცა თავისი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა, რაც კახეთის რეგიონისთვის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ტურისტული პოტენციალის გაზრდის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჯამში კომპანიაში დასაქმებულია 250-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 90% ადგილობრივი კადრია.
გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელმა, გერმანელმა მეცენატმა, ბურხრად შუხმანმა უმასპინძლა.
შპს ,,შუხმან ვაინზ ჯორჯიამ" 2014 წელს სახელმწიფოს მიერ გაცემული აგრო სესხით ისარგებლა და გააორმაგა წარმოება, რის შედეგადაც, ის დღეს მილიონნახევარ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და რეალიზებას 20- ზე მეტ ქვეყანაში ახდენს. კომპანია 2009 წელს დაფუძნდა და მთლიანად მის მიერ გაწეულმა ინვესტიციამ 6,5 მლნ ევრო შეადგინა.