წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ წყალტუბოს სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 40. 68 მლნ. ლარია. პროექტის საბოლოო დეტალებზე მუშაობის მიმდინარეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა და წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი დაესწრნენ. ფონდი წყალტუბოში სულ 9 ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს საიდანაც 7 უკვე დარულებულია 2 კი მიმდინარეობს. მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ დაუდევრობის შედეგად დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია, კერძოდ დაზიანებულია სანათები, ცენტრალურ პარკში განთავსებული სკამები, მწვანე ნარგავები, მინი გოლფის მოედანი და ნაგვის ურნები, ფონდის დაკვეთით დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდეგბა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაზიანებების აღმოფხვრა უკვე მეორედ ხდება. მივმართავთ მოსახლეობას თხოვნით არ გააფუჭონ სწორედ მათთვის გაკეთებული და რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურა, თითოეული მოქალაქის ვალია მაქსიმალურად მოუფრთხილდეს და დაიცვას რეაბილიტირებული ქალაქი.
წყალტუბოში ვიზიტის ფარგლებში პროექტების მონიტორინგთან ერთად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც საუბარი იყო კურორტის განვითარების სამომავლო გეგმებზე.
მნიშნელოვანია, რომ წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის შედეგად, გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება. გაუმჯობესდება: ტურისტულ ცენტრებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მომსახურება და ინსტიტუციური შესაძლებლობები, ადგილზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას (ოჯახური ტიპის სასტუმროები, მაღაზიები, კაფეები დაა.შ) ხელსაყრელი პირობები შეექმნება, რაც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეაბილიტაციის პროექტი ბალნეოლოგიური კურორტის მუშაობისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის და ქალაქის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რაც წყალტუბოს წამყვანი საკურორტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს.
ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი გარემო: მინი გოლფის მოედანი, ჩოგბურთის - ბალახისა და გრუნტის საფარიანი მოედნები თავისი საშხაპეებით, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, საყვავილე პიქსელები და ბაღები. მოეწყო: წვიმისა და უამინდობის დროს გამოსაყენებელი თავშესაფრები ( 2 პასაჟი), დეკორატიული აუზები, მოცეკვავე შადრევანი და ღია კაფე. გაკეთდა 4 ველოსადგომი. მთელს ტერიტორიაზე დაგებულია მიწის დონიდან აწეული ბილიკები.
რეაბილიტაციის ფარგლებში ერთ-ერთი საკვანძო პროექტი “ცივი ტბის” ტერიტორიის სრულად მოწესრიგება იყო, შესაბამისად, „ცივი ტბის“ ტერიტორიაზე აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები: კაფე და პირსი, ნავების პირსი, საცურაო აუზები საჭირო ინფრასტრუქტურით, ბუნგალო, 2 საფეხმავლო ხიდი, დამონტაჟდა წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების ქსელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტბიდან გამყვან არხებს: გაიწმინდა დანალექი გრუნტისგან და გაიმართა 2 ჰიდროკვანძი.
ამას გარდა, „ცივი ტბისა“ და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი ქსელი და განახლდა და გასუფთავდა მწვანე საფარი. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია. ცენტრალური პარკის და „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი ახალ ობიექტებთან წყალსადენი ქსელი მოეწყო.
დასრულდა ასევე თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოხდა ფასადის სრული განახლება, ცენტრალური შესასვლელისა და კიბის მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციებით მოწყობა, გრანიტის ფილებით მოპირკეთება, მეტალოკრამიტით გადახურვა და თეატრის ირგვლივ არსებული გრანიტის ფენილის აღდგენა.
ამავდროულად, მიმდინარეობს კრინიგზის სადგურის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის სადგურის შენობის გარე და შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის პირველი სართული კურორტის მართვის ოფისს გადაეცემა. გაკეთდა და გარემონტთა 10 ხიდი ,რომელიც მოპირკეთდა, მოიკირწყლა და გაფორმდა მხატვრული მოაჯირებითა და მოზაიკით. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ შადრევნს, აღდგა და დამონტაჟდა დეკორატიული ელემენტები.
წყალტუბოს სრული რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი პოლიციის შენობაში მუნიციპალიტეტის საკრებულო განთავსდება. დასრულდა გამგეობის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: ფასადისა და შიდა კედლების დამუშავება, შენობის გადახურვა მეტალოკრამიტის ფურცლებით, იატაკის ლამინირებული პარკეტით დაფარვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, ფასადზე ფრონტონების მოწყობა ნაძერწი ელემენტებით. გამგეობის რეაბილიტირებულ შენობაზე ქალაქის მთავარი საათი განთავსდება. კეთილმოეწყო გამგეობის მიმდებარე ტერიტორია: დამონტაჟდა განათება, გაიმართა მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელი.
კურორტის რეაბილიტაციის პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარეგანათებას. წრიული გზის, ცენტრალური პარკის და „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიის გასანათებლად მთლიანობაში გამოყენებულია: 716 სხვადასხვა ტიპის დგარი რკინა-ბეტონის ფუნდამენტზე, 1170 სხვადასხვა ტიპის სანათი, მათ შორის, 276 ბილიკისა და 13 დეკორატიული - წყალქვეშა სანათები, დამონტაჟებულია 16 გამანაწილებელი ფარი ავტომატური ამომრთველებითა და ფოტორელეთი. გარე განათების მონტაჟისთვის სულ გამოყენებულ იქნა 31 336 მაღალი ხარისხის ელექტროკაბელი.რეაბილიტაციის ფარგლებში, ველობილიკები დაიგო და ავტოსადგომები გაიმართა.