სოფელ შალაურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. კერძოდ, რეაბილიტირდება შალაურის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის 1 კმ-იანი მონაკვეთი, პროექტი კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 250 233 ლარია, გარდა გზის რეაბილიტაციისა, ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე კეთდება ახალი სანიაღვრე ქსელი.
მუნიციპალური განვითარების ფონდი კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში აგრძელებს კერძო სექტორის ხელშეწყობას, კონკრეტულ შემთხვევაში შალაურის მარნის ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას, რომ გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისინი ღვინის მარანთან ააშენებენ სასტუმროს, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და პარალელურად მოწესრიგდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული გზა რეაბილიტაციის დაწყებამდე ამორტიზირებული იყო, რეაბილიტაციის შემდეგ როგორც ღვინის მარნის სტუმრებისთვის ასევე სოფელ შალაურის მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. გზის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.