სიღნაღის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ქალაქ სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1,342,388 ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად სიღნაღის მოსახლეობა, კერძოდ, 900-ზე მეტი ოჯახი 20- 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. ამჟამად სიღნაღის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, კერძოდ, 600 ოჯახს წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში მიეწოდება, 300 ოჯახს კი, 24 საათიდან მხოლოდ 8 საათი აქვს წყალი. პროექტის განხორციელების შედეგად, გარდა 20-24-საათიანი წყალმომარაგებისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგები.
სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომაარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა დაათვალიერეს და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ.
ამ დრომდე, სიღნაღის მოსახლეობის ნახევარს წყალი გრაფიკით მიეწოდება, კერძოდ, 600 ოჯახს დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათით, 300 ოჯახს კი, 8 საათის განმავლობაში. გრაფიკის მიზეზს წყლის მარაგის სიმცირე და 9 კმ -იანი დაზიანებული ქსელი წარმოადგენს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია. ასევე, მოხდება 3 ახალი ჭაბურღილის გამართვა და ერთი 100 ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა, რის შედეგადაც, წყლის მარაგი გაიზრდება და გრაფიკის პრობლემა მოსახლეობას სრულად მოეხსნება.
პროექტის ფარგლებში, ყველა ოჯახს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში მცხოვრებ 3500-ზე მეტ ადამიანს წყალთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოეხსნება . ქალაქ სიღნაღში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2016 წლის გაზაფხულზე დასრულება. ობიექტზე სამუშაოებს კომპანია შპს „ ბილდ ინდუსტრი“ აწარმოებს.