მუნიციპალური განვითარების ფონდი ბატონის ციხის რეაბილიტაციას ახორციელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაციას ახორციელებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს. ბატონის ციხის რეაბილიტაციის პარალელურად, ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი ბატონის ციხის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,573,000 ლარია. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, ამასთან პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედისა და ტურიზმის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ რიგ შემთხვევაში არ იყო გამოყენებული ის მასალები, რომელიც სასახლის მშენებლობის თავდაპირველ პერიოდში, ასევე არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. სწორედ ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით მოხდა არსებული პროექტის კორექტირება, რათა სრულად იქნას დაცული ყველა შესაბამისი სტანდარტი და ძეგლის იერსახე არ დაირღვეს.
კორექტირებული პროექტი მოიცავს სასახლის სახურავის თაღის ავთენტურობის შენარჩუნებას, კედლების გასალესად გაჯის ნაცვლად გამოყენებული იქნება კირი, რადგან შენობაზე არსებული არტეფაქტები ადასტურბს, რომ თავდაპირველად სასახლის მშენებლობისას კედლების გასალესად სწორედ კირის მასალა იქნა გამოყენებული, ბატონის სასახლის სწორად რეაბილიტაციისთვის ზემოთ აღნიშნული ყველა დეტალის გათვალისწინება აუცილებელი ფაქტორია.
დაშვებული შეცდომების და ზემოთ აღნიშნული საკითხების გამოსასწორებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სასახლის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებისას ჩაერთო ყველა მხარე, რათა პროექტი გამართული ყოფილიყო. პროექტში გარდა ზემოთაღნიშნულისა მოხდა რიგი ცვლილებების შეტანა, კერძოდ: შენობაში საგამოფენო სივრცის დამატება, გამწვანება და ბეტონის ორნამენტების ქვევრის ტიპის ორნამენტებით შეცვლა.
კორექტირებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბატონის ციხის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის პროექტი ფონდმა კულტურულ მემკვიდეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მოამზადა.
შეგახსენებთ, რომ ბატონის სასახლე დაფუძნდა და თავდაპირველი, სამეფო რეზიდენციის დანიშნულებით ფუნქციონირებდა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ რთულ პერიოდში, XVII ს-ის 70-იანი წლებიდან 1801 წლამდე.