თბილისში 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

28 ივლისი 2015

  

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს  მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა გახსნეს და მოსახლეობას პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში გაკეთდება ახალი  მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „უნივერსიტეტამდე“. ასევე,  პროექტის განხორციელების შედეგად დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. მეტროს მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეში დასრულდება.

 

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს დედაქალაქის სატრანსპორტო განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.

 

პროექტის ფარგლებში გაკეთდება არსებული გვირაბების რესტავრაცია საერთო სიგრძით 2,6 კმ. მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა  სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში 4 ამოსასვლელი. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.

 

თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისსა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. მეორე ხაზი კი ამ დრომდე არ არსებობს.  ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის. პროექტის განხორციელების შედეგად დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ე მეტროსადგური დაემატება.

 

სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეები თორნიკე თორაძე და ტარიელ გუგავა, ასევე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და მეტროპოლიტენის ხელმძღვანელი პირები. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო ASSIGNIA KOBRA “ ახორციელებს.

 

მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია “ევროსტუდიომ“ მოამზადა. პროექტს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გავლილი აქვს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტიზა. გარდა ამისა, პროექტი დამოუკიდებელმა იტალიელმა ექსპერტმაც შეაფასა. პროექტის დეტალები შეთანხმებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან.

 

თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა. დღეისთვის ის 2 ხაზისგან შედგება საერთო სიგრძით 27 კმ. სულ დედაქალაქში ამჟამად 22 სადგური ფუნქციონირებს, რასაც მშენებლობის დასრულების შემდეგ 23-ე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი მეტროსადგური დაემატება.