საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დართლოს რეაბილიტაციას ახორციელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მისი ღირებულება 1,344.102.47 ლარია. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, კერძოდ, იმ ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც თავისი უნიკალური და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ამასთან, პროექტის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კახეთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და სოფელი დართლო დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა თავის პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
დართლოს რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოამზადა. აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
დართლო კავკასიის რეგიონში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილია. სოფელი დართლო, ისევე როგორც მთელი თუშეთი, ღირსშესანიშნავია თავისი ალპური ლანდშაფტების არაჩვეულებრივი სილამაზით. მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ თავისი მრავალრიცხოვანი, იშვიათი, ენდემური მცენარეული სახეობებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს დართლოს მიმზიდველობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გარეშე დართლო ტურისტებისთვის მიმზიდველობასა და დიდ ტურისტულ პოტენციალს დაკარგავდა. შესაბამისად, დართლოს რეაბილიტაციას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ტურისტული პოტენიცალის გაზრდისა და განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სახლების რეაბილიტაციის დაწყებამდე სოფელ დართლოში მსოფლიო ბანკის დაკვეთით კვლევა ჩატარდა, რომლის დასკვნის საფუძელზეც დადგინდა, რომ სოფელში არსებული 73 ობიექტიდან 72 რეაბილიტაციას საჭიროებდა. დართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. თუმცა, 2013 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მსოფლიო ბანკმა პროექტი წარუმატებლად შეაფასა, რამაც პროექტების ხელახლა შემუშავების აუცილებლობა გამოიწვია. შესწორებული პროექტების მიხედვით, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეიმუშავეს, 2014 წელს დართლოში 6 სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა , 28 სახლის რეაბილიტაცია კი წელს განხორციელდება. რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, ფონდი დონორ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ მესამე ეტაპზე დანარჩენი ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდეს. პროექტის ფარგლებში, სახლების რეაბილიტაციის გარდა, გარე ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა.