5 კილომეტრიანი ახალი გზით 6 სოფლის მოსახლეობა სიღნაღისა და წნორის ცენტრს დაუკავშირდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულება 2 831 384,37 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებზე 80 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა.
აღნიშნული გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის პირველი საფარი, 2 კილომეტრიან მონაკვეთზე კი საფარის ორივე ფენა დაგებულია. პარალელურ რეჟიმში გზის დანარჩენ ნაწილზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამასთან, პროექტის ფარგლებში გზის საფარის, მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტების, ლითონის მილების მოწყობა და გვერდულების გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე, ეზოს შესასვლელებთან არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟი ხორციელდება და ეწყობა ეზოში შესასვლელი ასფალტო-ბეტონის საფარი.
არსებული გზა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 6-ზე მეტ სოფელს წნორთან და სიღნაღთან აკავშირებს, მთლიანად ამორტიზებული იყო. მას რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შედეგად, 6 სოფლის მოსახლეობა ახალი და კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. გზის აღდგენა გააადვილებს მგზავრობას წნორამდე და სიღნაღამდე - კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ტურისტულ ცენტრებამდე. ამასთან, აღნიშნული სოფლებისთვის ეს გზა უმოკლესია დედაქალაქთან დასაკავშირებლად.