სოფელ ვარდისუბანთან სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიის გასუფთავება და აღდგენა ხორციელდება

April 3, 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით  ქალაქ თელავის შესასვლელში, სოფელ ვარდისუბანთან არსებული სამშენებლო ნარჩენების საყრელი ტერიტორიის გასუფთავებასა და აღდგენას ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება - 1 580 210,57 ლარია. აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

არსებული ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა ადგილობრივ მოსახლეობას და  ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიდა მათ. მიმდებარე ტერიტორია სრულად დაბინძურებული იყო. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის დაპროფილება და კეთილმოწყობა.  ნაგავსაყრელის აღდგენა-დასუფთავების შემდეგ ეკოლოგიური საფრთხე სრულად აღმოიფხვრება და მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქრება.   სამშენებლო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული. 

პროექტის ფარგლებში მოხდება 2 კმ მონაკვეთის ტერიტორიის გასუფთავება სამშენებლო ნარჩენებისგან, კერძოდ, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ 65-კმ 67 მონაკვეთზე, ასევე მდინარე მაწანწარასხევის  კალაპოტი გაიწმინდება ნატანისგან. ამასთან, მდინარე მაწანწარასხევის მხრიდან მოეწყობა დამცავი გაბიონები და ქვაყრილი,  გაბიონებსა და საავტომობილო გზას შორის კი მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. აღნიშნული სამუშაოების შედეგად არსებული ეკოლოგიური პრობლემები სრულად მოგვარდება და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება.

 

სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და 2015 წელს დასრულდება.