დევნილთათვის განკუთვნილ 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
ფოთის მუნიციპალიტეტში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.
რეაბილიტირებული კორპუსები დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
32 კორპუსის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის თხოვნით საქართველოს მთავრობამ 2.382 657.3 ლარი გამოყო, რომ 1168 ოჯახს წინა ხელისუფლების პირობებში უხარისხოდ აშენებული კორპუსების შედეგად არსებული პრობლემები მოგვარებოდა. უხარისხო მშენებლობის გამო საცხოვრებელი კორპუსების კედლები მუდმივად სველდებოდა, საძირკველში კი წყალი დგებოდა, რაც მოსახლეობისთვის გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ქმნიდა. საძირკველში არსებული წყალი კი კორპუსის მთლიანად დანგრევის საფრთხეს წარმოადგენდა.
რეაბილიტაციის შედეგად აღნიშნული პრობლემები სრულად არის აღმოფხვრილი.