გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის 3000-ზე მეტ მოსახლეს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სამ სოფლეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა ნიქოზის, ასევე ზემო ხვითის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 3,386,397.86 ლარია. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა. პროექტის განხორციელების შედეგად სამი სოფლის 880 ოჯახი, უფრო კონკრეტულად კი 3000-ზე მეტი მოსახლე 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ სოფლები ზედა და ქვედა ნიქოზი, ასევე ზემო ხვითი ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლებას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ და წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოუგვარდებათ, რაც მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სამშენებლო სამუშაოებზე 40 ადამიანზე მეტია დასაქმებული.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული იქნება 39 კმ წყალმომარაგების ქსელი პოლიეთილენის და ფოლადის მილებით, მოეწყობა განშტოებები მოსახლეობის მიერთებისათვის საერთო სიგრძით 13.2 კმ. მოეწყობა 5 ცალი წყლის ჭაბურღილი, აშენდება ახალი სამარაგო რეზერვუარი (1,000 მ3 მოცულობის) და სატუმბო სადგური. მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიზნით მოეწყობა 880 ცალი წყლის აღრიცხვის კვანძი.